მაღალი წარმომადგენლობითი დონის კონფერენციას ევროპის კომისია და “UNICEF”-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისი 27-28 ივნისს მასპინძლობს. მასში მონაწილეობენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტები. კონფერენციას ასამდე დელეგატი დაესწრება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობისა და გაძლიერების ერთობლივი პროექტი ევროპის კომისიამ (“დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის” (EIDHR) ფარგლებში) და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე, დსთ-ის ქვეყნებში 2011 წლიდან დაიწყეს. პროექტი საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რეფორმას, შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს.
ხვალინდელი კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას, რათა რეგიონულ და ეროვნულ დონეზე დროულად იქნეს უზრუნველყოფილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა; წვლილი შეიტანოს არასრულწლოვანებისთვის სამართლიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით მიმართავს. თეა წულუკიანი საქართველოში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრებს, მათ შორის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაზე, არასრულწლოვანთა სპეციალიზებული კოდექსის შემუშავებაზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროკომისარ სესილია მალმსტრომსაც შეხვდება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს უწყობს კანონდამრღვევ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას, იცავს ბავშვთა ინტერესებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და მიმართულია განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ.