ანაკლიაში, "მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკის გახსნას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ.
წელს "მომავლის ბანაკში" 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის 1 728 მოზარდი დაისვენებს. ბენეფიციარების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. სეზონის განმავლობაში ბანაკი დამსვენებლებს 6 ნაკადად უმასპინძლებს.
ახალგაზრდებს "მომავლის ბანაკის" გახსნა ლევან ყიფიანმა მიულოცა და განაცხადა, რომ წელს ბევრი სიახლეა დაგეგმილი.
"ბანაკიც და პერსონალიც საუკეთესოდ არის მომზადებული, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ, ბენეფიციართა შორის შეირჩევიან ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის მოხალისეები", _ განაცხადა ლევან ყიფიანმა.
თამარ სანიკიძის თქმით, "მომავლის ბანაკს" აქვს პერსპექტივა გახდეს ინტერნაციონალური.
"პროექტში ჩართული მოზარდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ თამაშებს, დისკუსიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ანტინარკოტიკულ თემაზე. ბანაკში ახალგაზრდები აქტიურად დაისვენებენ, მათ საშუალება მიეცემათ აიმაღლონ ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი და ყველას წარმატებას ვუსურვებ", _ განაცხადა სანიკიძემ.
წელს ბანაკში თითოეულ 24 კაციან ჯგუფზე პასუხისმგებელია ტრენინგის საფუძველზე შერჩეული განსხვავებული სქესის ორი ლიდერი.