ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია, ოზურგეთში იმყოფება. მან თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი მოილოცა.
ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბასილმა, ღვთისმშობლის ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგ ტაძრის მგალობლებმა დიანა ღურწკაიას მრავალჟამიერ უმღერეს. მამა ბასილმა კი სტუმარს ღცთისმშობლის ხატი უსახსოვრა.
ღურწკაია ოზურგეთში მის მეგობართან, რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ თამუნა ქართველიშვილის ოჯახში იმყოფება. დიანა ღურწკაიამ “გურია ნიუსთან“ დროს თავისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა:
"პირველი მიზანი არის ჩემთვის, რომ ჩემს შვილს ვაჩვენო საქართველო, ქართული ბედნიერება, ადათ-წესები. ეს წუთები, ეს წამები, რაც ახლა აქ ხდება.
დღეს, უცხო ქვეყნებში სიარულით და დასვენებებით არავის არ გავაკვირვებთ. ჩემთვის პირველია ის სიყვარული შევიგრძნო, ეს სითბო შევიგრძნო, რომელიც ჩემს ქვეყანაშია, საქართველოში. ძალიან გვაკლია ეს სითბო, დიდი მონატრება და სევდა გვაქვს.
ის მიწა-წყალი სადაც გავიზარდე, სადაც ავიდგი ფეხი, სადაც პირველი სიტყვა დავიძახე – დედა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ამოვა გულიდან, სადაც არ უნდა ვიყო. ის დრო, როდესაც თავისუფალი ვარ მინდა საქართველოში გავატარო.
ჩვენი ოჯახი დღემდე არის ქართული ტრადიციებზე. მე დამხმარე ქალბატონი მყავს ქართველი, ჩემს შვილს ვასწავლი ქართულ ენას, ქართულ ცეკვას, ქართული კერძები კეთდება ჩემს ოჯახში. რამდენი წელი იქ უნდა ვიყო, ყოველთვის ასე იქნება."
_ ქალბატონო დიანა, პოლიტიკური კითხვა გვაქვს, თქვენ ახლოს იცნობთ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ესაუბრეთ თუ არა მას აფხაზეთის დაბრუნებაზე ან რას ფიქრობთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.
_ ამ ადგილას არ ველოდი პოლიტიკურ კითხვას. მე ვარ ხელოვანი და მუსიკოსი, აქედან გამომდინარე პოლიტიკაზე ვერ გესაუბრებით.