მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, კუნძულ სამოსის პოლიციამ, ნამდვილად შეაყოვნა იახტა, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა და მათ იმის დადასტურება მოსთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს.
"1-ელ სექტემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როცა იგი ცდილობდა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას, კერძოდ კუნძულ სამოსზე, აყვანილ იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მისი აყვანის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბერძნული მხარისთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, მიმართული ინტერპოლის გენერალური სამდივნოსადმი, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე ითხოვდა მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას.
ბერძნულმა მხარემ ქართულ მხარეს მოსთხოვა დაუყოვნებლივ ამ ინფორმაციის დადასტურება. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დასტურის გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფორმალურად არ იყო წითელი ცირკულარი გამოცემული, ბერძენი კოლეგები იძულებულნი გახდნენ იგი რამდენიმე საათში გაეთავისუფლებინათ პოლიციის განყოფილებიდან", _ განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.