ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში ავტომანქანების გაჩერება ფასიანია. ეკლესიის, სავაჭრო ცენტრ "იმედის", `საქართველოს ბანკის" და "ძველი ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. "სტაიანშიკებს" მხედველობიდან არცერთი მანქანა არ გამორჩებათ. თანხა მიაქვთ, თუმცა, ქვითარს არავინ იძლევა. შესაბამისად, არავინ იცის, ვის და რატომ უხდის თანხას.
ეს ამბავი არავისთვისაა ახალი. წლებია, ასე ხდება. ამის შესახებ "გურია ნიუსი" ჯერ კიდევ 2006 წელს წერდა. ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სიტუაციის მოგვარების პირობაც დადო, თუმცა, პირობა მხოლოდ გაზეთის ფურცლებს შემორჩა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები 10-წლიანი იჯარით ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის მამას, დავით კვაჭანტირაძეს ჰქონდა მფლობელობაში. ბატონი დავითი 2 წელია, გარდაცვლილია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მამის ბიზნესს დღეს ზვიად კვაჭანტირაძე აკონტროლებს და, შესაბამისად, აკრეფილი თანხა მასთან მიდის.
ოზურგეთის ხელისუფლებაში არ არსებობს კომპეტენტური პირი, რომელიც ამ საკითხზე ისაუბრებს. შესაბამისად, კითხვები _ ვისთან მიდის ყოველდღიურად აკრეფილი თანხები; რომელ ანგარიშზე ირიცხება; ვინ აკონტროლებს; არის თუ არა უფლებამოსილი პირი; აქვს თუ არა დავალიანება სახელმწიფოს წინაშე და საერთოდ, ვინაა "სტაიანშიკების" მეპატრონე _ უპასუხოდ რჩება.
_ "ჩვენ გვყავს უფროსი, საღამოს ვაგროვებთ ამ თანხას ერთად, რაც მთელი დღის განმავლობაში ამოვიღეთ და ვაბარებთ. ვერ გეტყვით შემდეგ რა ხდება. პიროვნებას, რომელსაც ფულს ვაბარებთ, მიშა ჰქვია. ყოველ დილით ვაძლევთ თანხას. გვეუბნება, რომ აქვს ოფისი და თანხა ანგარიშზე შეაქვს, თუმცა, ამის მეტი არაფერი ვიცი, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბრისას თანხის ამკრეფნი, რომელთა ცნობა _ სტაფილოსფერი ან მწვანე ფერი ჟილეტით და ხელში ზოლიანი ჯოხით, ძალიან ადვილია.
_ ვინ არის მიშა, კონკრეტულად ვერ გვეტყვით?
_ მიშა ქიქოძე არის ჩვენი უფროსი, ზვიად კვაჭანტირაძის მამის მეგობარია. როცა ზვიადის მამა გარდაიცვალა, დარჩა ამ კაცს ეს ადგილი, მაგრამ ზვიადს უნდა, გადააფორმოს თავის ბიძაშვილზე. გასარკვევია, სად მიდის ეს თანხები; ჩვენ არ ვიცით, საუბრობენ, რომ ბიუჯეტში არ შედის თანხებიო და არ ვიცით, მეტს ვერ გეტყვით, _ გვითხრეს მათ.
"გურია ნიუსი" მიხეილ ქიქოძეს დაუკავშირდა, რომელმაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს ხელმძღვანელთან, მურთაზ ფოცხიშვილთან გადაგვამისამართა.
მიხეილ ქიქოძე: რაში გაინტერესებთ ჩემი ვინაობა? ისე მაგ საკითხთან დაკავშირებით, მიბრძანდით მურთაზ ფოცხიშვილთან და ის მოგიყვებათ ყველაფერს. მე ვიცი, რომ ეს საქმიანობა უნდა ჩაიბაროს მისმა ბიძაშვილმა, ბიძინა კვაჭანტირაძემ. თანხები ჩემთან არ შემოდის. მე, უბრალოდ, ყურადღებას ვაქცევ, რომ იყოს წესრიგი. არის ოპერატორი, რომელიც იღებს ამ თანხებს და აბარებს იქ, სადაც საჭიროა… თქვენ რაში გაინტერესებთ ეს ამბავი?
_ ბატონო მიხეილ, როგორ გავიგოთ "თანხები მიაქვთ იქ, სადაც საჭიროა" ? ანუ, სად მიაქვთ, კვაჭანტირაძესთან?
_ სადაც საჭიროა, იმ ანგარიშზე შედის.
_ რომელ ანგარიშზე?
_ ახლა, ამდენი არ ვიცი.
_ ვინ იცის?
_ მიბრძანდით მურთაზ ფოცხიშვილთან და ის გაგარკვევთ ყველაფერში, _ გვითხრა მიხეილ ქიქოძემ.
მურთაზ ფოცხიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი:
_ ეს ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული დავით კვაჭანტირაძეს. ის გარდაიცვალა, პირველი მემკვიდრე და ერთადერთი შვილი არის ზვიადი. ვინაიდან ის არის პარლამენტის წევრი, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, არ აქვს უფლება გახდეს მეიჯარე. ამიტომ, ეს იჯარა დაუთმო, გადასცა თავის ბიძაშვილს _ დავითის ძმისშვილს, ბატონ ბიძინა კვაჭანტირაძეს. ეს საქმე არის უკვე ქალაქის მერიაში ადმინისტრაციულ წარმოებაში, საკრებულოს სხდომაზე მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბიძინა კვაჭანტირაძე მიიღებს იჯარას.
_ ბატონო მურთაზ, თანხებთან შეხება ვის აქვს?
_ მე საქმის კურსში ნაწილობრივ ვარ დოკუმენტაციებთან დაკავშირებით და თანხებთან არანაირი შეხება არ მაქვს. ამიტომ, ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს მაგაზე. როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ წუთში გადასახადებთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირი არავინ არის. ფინანსებში მე არ ვერევი. ვიცი, რომ სახელმწიფოს წინაშე არის დავალიანება, გადასახადი აქვს, მაგრამ, როგორც კი იჯარა ბიძინას სახელზე გაფორმდება, დროთა განმავლობაში, გადაიფარება ეს დავალიანება სახელმწიფოს სასარგებლოდ. იჯარა მსვლელობაში არის, მაგრამ ვინაიდან უფლებამოსილი პირი არავინაა, ამიტომ დროებით შეჩერებულია. მთლიანობაში რაც დავალიანება იქნება, გადაწყვეტს ქალაქის მერია და ეს თანხებიც შევა ბიუჯეტში. ამ წუთში უფლებამოსილება ვის აკისრია თანხებთან დაკავშირებით, არ ვიცი. კომპეტენტური არ ვარ და სხვას ვერაფერს გეტყვით. ვიცი, დავალიანება არის დიდი და ამის გადაფარვა უნდა მოხდეს დროთა განმავლობაში, _ გვითხრა მურთაზ ფოცხიშვილმა.
_ ბატონო მურთაზ, ვინ გაგვცემს კომპეტენტურ პასუხს, სად მიდიოდა თანხები ამდენი ხნის განმავლობაში?
_ არ ვიცი. ალბათ, იცის ქალაქის მერიამ ან ბიძინა კვაჭანტირაძემ. ზვიადმა უარი თქვა და გადააბარა ბიძაშვილს და ამიტომ, ჩემი აზრით, ბიძინას უნდა ჰკითხოთ, ალბათ, განცხადებაში მოყვანილია, რომ სამართალმემკვიდრე ბიძინა კვაჭანტირაძეა.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტს, ლაშა თავაძეს დაუკავშირდა, რომელიც არჩევნებამდე საკრებულოს იურისტი იყო.
ლაშა თავაძე: _ პარკირებაზე მხოლოდ შპს "ჭალასაყდარს" ჰქონდა განცხადება შემოტანილი, მას გავუკეთეთ სარგებლობის უფლებით. სხვა რაიმე სახით ჩვენთვის არავის მოუმართავს, არ ვარ საქმის კურსში.
ბიძინა კვაჭანტირაძე, ზვიად კვაჭანტირაძის ბიძაშვილი: _ მანქანების სადგომი, ეკლესიიდან ახალი ბაზრის ტერიტორიამდე, ეკუთვნოდა ჩემს გარდაცვლილ ბიძას, ბატონ დავით კვაჭანტირაძეს. ჰქონდა 10-წლიანი იჯარა, 7 წელი განკარგავდა და მართავდა, ახლა დარჩენილი იყო 3 წელი. მემკვიდრეობით ეს უნდა გადაცემულიყო ბატონ ზვიად კვაჭანტირაძისთვის, მაგრამ არ შეიძლებოდა, რადგან სახელმწიფო მოხელეა და კანონი არ აძლევს საშუალებას, ამიტომ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ჩემზე. ამჟამად ეს პროცესები მიმდინარეობს, დასრულებული არ არის და ქონების გაყოფის გამო, შეფერხებულია ამაზე მუშაობა.
_ ბატონო ბიძინა, როგორც გვითხრეს, ამ საქმესთან დაკავშირებით, წინა მოწვევის საკრებულოსთვის არავის მიუმართავს…
_ ესენი ახლა ყველაფერს იტყვიან, მე თქვენ რომ გეუბნებით, ეს არის სრული სიმართლე. მე ამ წუთში არაფერზე არ ვარ პასუხისმგებელი. თუმცა, ვიცი, რომ ამ საბუთების მოწესრიგება მიმდინარეობს.
_ უკვე ორი წელია, ყოველდღიურად იღებენ თანხებს მანქანების სადგომებზე. სად მიდიოდა და სად მიდის ეს თანხა?
_ შეხება არ მაქვს აბსოლუტურად არანაირ თანხებთან, არავისთან. არ ვფლობ ინფორმაციას. დავით კვაჭანტირაძეს ჰყავდა ნდობით აღჭურვილი პირი მიხეილ ქიქოძე, რომელიც ამ საქმეს მართავდა. ახლა რა ხდება, არ ვიცი…
"გურია ნიუსთან" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ კომენტარს აკეთებს: _ მამაჩემს ნამდვილად ჰქონდა იჯარით აღებული ტერიტორიები ქალაქში. ამ დროს მასთან ხელშეკრულებით მუშაობდა ფირმა, რომლის სახელიც არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ, დააზუსტოთ. ეს ფირმა განაგებდა ყველაფერს მამაჩემთან, როგორც მეიჯარესთან, ხელშეკრულების საფუძველზე. მამაჩემი 2012 წლის დეკემბერში გარდაიცვალა და ფირმა აგრძელებდა მუშაობას კანონის შესაბამისად. მამაჩემის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მე , როგორც ერთადერთ უფლებამემკვიდრეს, უნდა გადამეწყვიტა საკითხი, რა კავშირი უნდა მქონოდა მე ამ საქმესთან. კანონის შესაბამისად და მამაჩემის სურვილის შესაბამისად, მამაჩემის მემკვიდრეობაზე ამ საკითხში სრულად განვაცხადე უარი და დავუმტკიცე ჩემს ბიძაშვილს, მამაჩემის ძმისშვილს, რომელიც არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ უფლებებს და ვალდებულებებს. იმ დღიდან მე ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს, პრინციპულად არ მაქვს! ყველა სხვა კითხვით უნდა მიმართოთ კანონიერ უფლებამემკვიდრეს, ჩემს ბიძაშვილს და თუნდაც, მერიას. სხვა ყველაფერი ბოროტი ხმებია და სხვა არაფერი, _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურად აკეთებენ კომენტარს:
"2006 წლის 14 ნოემბერს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ოზურგეთის რაიონულ გამგეობასა და აწ გარდაცვლილ ინდმეწარმე დავით კვაჭანტირაძესთან, კონკურსისა და აუქციონის წესით, 10 წლის ვადით, გაფორმდა სანოტარო ხელშეკრულება არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომების მოსაწყობად.
2014 წლის 26 აგვისტოს მოგვმართა დავით კვაჭანტირაძის შვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, წარმოგვიდგინა სამკვიდრო მოწმობა #130737598 და ითხოვა საჯარო ურთიერთობის გაგრძელება – თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის შესაბამისად, მომხდარიყო მისი ჩანაცვლება მის მიერ შეთავაზებული პირით, რომელიც იქნება გადახდისუნარიანი მოიჯარე და მზად იქნება, შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული ობიექტის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირებისა და ახალი მოიჯარისთვის გადაცემის თაობაზე."