ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით ოზურგეთში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთავარი პრიორიტეტი ჩაის კულტურის აღორძინება უნდა იყოს. მისივე თქმით, გამგეობა დაინტერესებულია ჩაის კულტურის განვითარებით და ამ კუთხით მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ჭანუყვაძე გუბერნატორის მოადგილე იყო, კეთდებოდა განცხადებები, თითქოს ჩაის კულტურის აღორძინებას პერსპექტივა არ ჰქონდა. გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე ამბობდა, რომ გლეხისთვის მომგებიანი მოცვის გაშენება უფრო იქნებოდა.
რა შეიცვალა რამდენიმე თვეში და უჭერს თუ არა მხარს ოზურგეთის არჩეული გამგებლის ამ გადაწყვეტილებას, გურიის პირველ პირს "G-News TV:-ის ყოველკვირეულ გადაცემაში _ "კვირის თემა" სტუმრობისას ვკითხეთ:
_ მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჩაის პლანტაციები, გლეხისთვის ეკონომიურად მომგებიანი არ იქნება. იმავეს ვფიქრობ ახლაც. ამ სფეროს აღორძინება მომგებიანი იქნება ჩაის მწარმოებლებისთვის. არსებობს კულტურები, რომელიც გლეხს ნახევარ ან ერთ ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული და აქედან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე ჩაისგან. ციფრებში რომ ავხსნათ, გლეხმა ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჩაისგან, მაქსიმუმ, შეიძლება, მიიღოს 7000 ლარი, მაშინ როცა ჩაის მწარმოებლები, ამავე ფართობიდან მიღებული პროდუქციის რეალიზებით იღებენ 140 000 ლარს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, თორემ როცა მსხვილ წარმოებაზეა საუბარი, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ეს დიდ მოგებას იძლევა, _ აღნიშნა გუბერნატორმა.