დღეს, "ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს", სასტუმრო Holliday Inn- ში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიურ კორპუსის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეხვედრა გამართა.
ასევე, ოფიციალურად გაიხსნა ახალი გლობალური კამპანია HeforShe – კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის, რომლის მიზანია კაცების მონაწილეობის გაზრდა ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანმა რევაზ არველაძემ, მოძრაობის მხარდაჭერა ხელმოწერით ოფიციალურად გამოხატეს.
"ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა ამ წამოწყების გვერდში ყოფნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ისევე როგორც მენეჯმენტში, გენდერული ბალანსი დაცულია. ჩვენთან 800 ქალი ფეხბურთელია რეგისტრირებული. აქედან 40 პროფესიონალი ფეხბურთელია.
ჩვენი სლოგანი არამარტო ცხოვრებაში, უეფაში, ფიფაში და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არის ის, რომ თანასწორობა იყოს დაფუძნებული პატივისცემაზე და ყველა ვიყოთ თანაბრები. დღეს, საქართველოს თასის გათამაშების 8 თამაშია და ყველა ფეხბურთელი ჩაიცვამს მაისურს, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ქალთა მიმართა ძალადობასთან ბრძოლის კამპანიას", _ განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, მოძრაობა HeforShe (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობი ემა უოტსონის გამოსვლით.
მას შეუერთდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მსახიობები კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები. მოძრაობაში მონაწილეობა ნებისმიერ კაცს შეუძლია.
კამპანიის ვებ-გვერდზე www.heforshe.org ყველა კაცს შეუძლია აირჩიოს თავისი ქვეყანა და სოლიდარობა გამოუცხადოს მოძრაობას. ამჟამად, კამპანიას მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს 200,000-მდე კაცი, ხოლო საქართველოში -152 კაცი.