წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვები და ვარსკვლავთმრიცხველები მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
ტაძარში, მოქალაქეებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დამთავრდა. 17 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს, ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.