პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.
ფრანგული მედიის ცნობით, "კალაშნიკოვებით" შეიარაღებულ თავდამსხმელებს სახელზე ნიღბები ეკეთათ და ჯიჰადისტებისთვის ჩვეულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.
თავდასხმამდე ცოტახნით ადრე სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
უცხოური მედიის ინფორმაციით სწორედ ამის გამო იძიეს შური თავდამსხმელებმა:
_ "დიდება ალაჰს", "ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!", _ სწორედ ამ სიტყვებს ყვიროდნენ თავმდამსხმელები, რომლემბაც შემთხვევის ადგილი მალევე დატოვეს.
მათი ვინაობა უკვე ცნობილია. ფრანგული მედიის ინფორმაციით პოლიციამ გამოაცხადა ძებნა ძმებზე _ 34 წლის საიდ და 32 წლის ხერიფ კოახიმებზე, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან. მესამე ძებნილი კი 18 წლის ჰამიდ მურადოვია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცა. ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიოს ლიდერები გამოეხმაურენ და საფრანგეთს მიუსამძიმრეს. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც.
"დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ", _ აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარი გუშინვე გააპროტესტეს საფრანგეთში. 100.000-ზე მეტმა ადამიანმა დაღუპულებს პატივი ქუჩაში გამოსვლით მიაგო.
რამდენიმე კავშირის, ასოციაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ქალაქის მერი, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, სანთლებითა და ფანქრებით (პრესის თავისუფლების სიმბოლო), თავდაპირველად ,მომხდარს ჩუმად აპროტესტებდნენ, შემდეგ კი ყვიროდნენ _ "Charlie, ჩარლი", "ჩვენ არ გვეშინია, ჩარლი!".
_ "პრესის თავისუფლება არის ფასდაუდებელი." _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.