ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს დღეებში განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგებას შეეხება.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მამია ბარამიძემ დასვა.
_ დასკვნა საკმაოდ საინტერესოა და საკრებულომ ის უნდა განიხილოს. კონკრეტულ სახელ-გვარებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როცა ხელფასების მომატებაზეა საქმე, ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ შორის ის ადამიანები არიან, რომლებსაც ეს დასკვნა უშუალოდ ეხებათ, _ აღნიშნა ბარამიძემ.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით შარაშიძის განმარტებით, დასკვნა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მისმა კომისიამ უკვე გამოითხოვა და, ალბათ, მალე მიიღებენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის ბოლოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა და საჯაროა. დასკვნაში ბევრი ისეთი საკითხი მოხვდა, რომლის შესახებაც "გურია ნიუსი"არაერთხელ წერდა.
წაშლილი მონაცემები, არასრულყოფილად აღწერილი სამუშაოები, ხარვეზები ბუღალტრულ აღრიცხვებში, არასრული დოკუმენტაცია _ ეს ის თემებია, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა და რომელზეც ჩვენი გაზეთი წლებია წერს.