ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრება.
საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე„ საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს.
პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე – Session Travel and Trade in a High-Risk Era, Luncheon: Europe Growth Markets.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა"-ში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. უკვე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Die Welt-თან, პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში.