ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს საბოლოო შედეგი ჯერ არ გამოუქვეყნებია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ამავდროულად შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის, გელა კილაძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს და ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ბევრი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი და ეჭვი ეპარება კომისიების ობიექტურობაში.
მეტიც, სოციალური ქსელის მეშვეობით, დეპუტატი ელგუჯა ჩხაიძე მუნიციპალიტეტის გამგეობის რიგ კონკურსანტებს ტყუილში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მათ გაცილებით ნაკლები ქულა მიიღეს ატესტაციისას, ვიდრე ამას თავად ასაჯაროებდნენ.
რაც შეეხება საკრებულოს, აქ ტყუილში არავინ დაუდანაშაულებიათ, თუმცა კომისიის თავმჯდომარის, გელა კილაძის ობიექტურობაში ეპარებათ ეჭვი.
კერძოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აქ ხუთი საკონკურსო ადგილიდან ორში კილაძის კლასელები დომინირებენ.
"საინტერესოა რა კრიტერიუმით შეარჩია კილაძემ ისინი. თუ ატესტაციის შედეგებს გავითვალისწინებთ, მათ თავიანთ კონკურენტზე მაღალი შედეგი არ უჩვენებიათ. რაც შეეხება კვალიფაკაციასა და სამსახურეობრივ გამოცდილებს, ვერც ამ კუთხით არიან სხვებზე მჯობნი. შესაბამისად ჩნდება კითხვის ნიშანი, რა ნიშნით გამოარჩია კომისიამ კონკურსანტები?"
თავად კილაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი შინაარსის ბრალდებები. მისი თქმით, თუკი ჩვენი დაინტერესება იქნება და სათანადო კითხვებით მას წერილობით მივმართავთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ის აუცილებლად, წერილობითვე გაგვცემს პასუხს.