გერმანიაში ქურდები მაღაზიებიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების საქონელს იპარავენ.
საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი „მოთხოვნილება“ მცირე ზომის, მაგრამ ძვირად ღირებულ საქონელზეა, ისეთებზე, როგორიცაა: კოსმეტიკა, აქსესუარები, თეთრეული და ჯინსები.
ქურდობა გერმანიის მაღაზიებში ძალიან ხშირი მოვლენაა. მაგალითად, 2014 წელს გერმანიის მაღაზიებიდან 2 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს, 800 მილიონი კი გერმანულმა ფირმებმა საკუთარი თანამშრომლების გაუფრთხილებლობით იზარალეს. ეს ცნობები გერმანიის ვაჭრობის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, მიმწოდებელი ფირმები და სერვის-სამსახურებიც ხშირად ქურდობენ, რისგანაც ფირმებს 3,9 მილიარდი ღირებულების ზარალი მიადგათ. გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ მაღაზიებში ქურდობის ფაქტები წლიდან წლამდე მცირდება.
გასულ წელს წელს გერმანიაში უკვე 390 033 ქურდობა მოხდა, რაც 0,4 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა, ვაჭრობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ძალიან ხშირია ისეთი ქურდობა, რომელიც არ რეგისტრირდება.
არაკეთილსინდისიერ მყიდველებს მაღაზიებიდან ყოველდღიურად საშუალოდ 63 ევროს ღირებულების საქონელი გააქვთ სალაროს გვერდის ავლით. ყოველწლიურად მეწარმეები საკუთარი შემოსავლის 0,4 პროცენტს, ჯამში დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს ახმარენ დაცვისა და თვალთვალის თანამედროვე საშუალებების შეძენას.