თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს "უძრავი ქონება – თბილისის" დაქვემდებარებაში გადავა.
ნარმანიას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა პატრონობა სამ სხვადასხვა უწყებაზე იყო გადანაწილებული და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული.
მისივე თქმით, შპს "უძრავი ქონება – თბილისი", რომელიც ამიერიდან დედაქალაქში არსებულ 41-ვე მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობაზე იზრუნებს, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.
თბილისის მერმა გუშინ პირველი დავალებებიც გასცა. კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებისთვის 10 დღიანი ვადა მიეცა. გარდა ამისა, არსებული რესურსებით მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად და განათების უზრუნველსაყოფად კომპანიას გეგმა გრაფიკის შემუშავება დაევალა, რომლის შესრულებას დავით ნარმანია პირადად გააკონტროლებს.
თბილისის მერის თქმით, მოსაწესრიგებელია ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების საკითხიც.
"თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ერთ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის დამონტაჟდა ლიფტები, მოწესრიგდა განათება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.