თურმე, სულ სამ ფინჯან ჩაის დღეში შეუძლია 70 პროცენტით შეამციროს გულის შეტევის რისკი, აღმოაჩინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.
თავიანთი გამოკვლევების შედეგად, ისინი იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ მამაკაცებს, რომლებიც დღეში ორ ჭიქაზე მეტს მიირთმევდნენ ამ სასმელს, 21 პროცენტით უმცირდებოდათ ინსულტის საშიშროება, ხოლო ქალებს 3 ჭიქაზე მეტი ჩაი დღეში 32 პროცენტით უქვეითებს არტერიებში თრომბის გაჩენის საფრთხეს.
ამ სამკურნალო თვისებებს ჩაი ფლობს ფლავონოიდების წყალობით, რომლებსაც ის შეიცავს. გარდა ამისა, უკვე დამტკიცებულია, რომ ფლავონოიდების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს წონის კონტროლს, ესმარება გონებრივ მოღვაწეობას და ამაღლებს განწყობილებას.
დოქტორ რაქსტონის თქმით, ჩაის ძალუძს, აგრეთვე შეაჩეროს კიბოს სიმსივნის ზრდა. კერძოდ, დღეში 2 ფინჯანი ჩაი მკვეთრად ამცირებს კანის კიბოს რისკს. ჩაიში რძის ჩამატება, რაც ბრიტანელებს ახასიათებთ, არანაირად არ ამცირებს მის სამკურნალო თვისებებს, ირწმუნებიან ექსპერტები.