ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე გოჩა ძიმისტარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
"ჩემი მხრიდან სირცხვილია, რომ გოჩა ძიმისტარაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. მაგრამ დავაკონკრეტებ ერთხელაც და გეტყვით: ძიმისტარაშვილი საკრებულოს დეპუტატი, რომ არის ნამდვილად სირცხვილია. ასეთი დეპუტატი, როგორიც არის გოჩა ძიმისტარაშვილი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან ის ამბობს ტყუილს. რადგან ის ამბობს ტყუილს ამასთან დაკავშირებით ვამზადებ სარჩელს, რომელსაც შევიტან სასამართლოში და მოუწევს პასუხის გება თავის ნათქვამზე. ის ამბობს, რომ თურმე მე ვწოვდი ოზურგეთის მოსახლეობას სისხლს და თურმე კაპიკებში ჩამიგდია ქონება ხელში, რომელიც ვიყიდე აუქციონზე, როდესაც არ ვიყავი მერი. მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვერ მოვახდენდი ზეწოლას აუქციონზე. ყველა იმ ტყუილზე, რომელსაც ის ამბობს მოუწევს პასუხისგება სასამართლოს გზით". _ თქვა ბეგლარ სიორიძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, გოჩა ძიმისტარაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია:
"ოზურგეთის საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სულ ახლახან, კერძოდ 02 მარტს ქ. ოზურგეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერის ბეგლარ სიორიძის წინადადებას ქონების 35 წლის ვადით ე.წ. ბიზნესმენ გოჩა სალუქვაძისთვის გადაცემის შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მე შეკითხვა დავუსვი მერს, რომელიც იყო შემდეგი შინაარსის. გაქვთ მორალური უფლება ქონება გადასცეთ პირს, რომელმაც დეპუტატებს უწოდა გამოშტერებულები, ხოლო ოზურგეთის ბაზარს –გაბანძებული. მისი პასუხი კი იყო ასეთი. სირცხვილია, რომ ხართ დეპუტატი.
ოზურგეთელებს მინდა მოვახსენო, რომ თავის დროზე ვიბრძოდი აფხაზეთში, წლების მანძილზე ვებრძოდი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც უფლებადამცველი, მაშინ როცა ბეგლარ სიორიძე იყო ჩახუტებული ნაც.მოძრაობასთან და წურბელასავით წოვდა სისხლს ოზურგეთის მოსახლეობას. ყველამ კარგად იცის რა ხდებოდა თხილის ბიზნესში, რომელსაც ის აკონტროლებდა, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მან კაპიკებში მილიონებად შეფასებული ქონება ( მაგ. რესტორანი ქალაქური და ასე შემდეგ).
ძვირფასო ოზურგეთელებო თქვენთვის მომინდვია არჩევანი, თუმცა ვიტოვებ უფლებას განვაცხადო, რომ ბეგლარ სიორიძე ნამდვილად არის ძალიან დიდი სირცხვილი. ამიტომ თავს მოვალედ ვთვლი დავიწყო ბრძოლა მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით, თუ რა თქმა უნდა, მექნება დეპუტატების მხარდაჭერა, ხოლო თუკი ეს ადამიანი მაინც დარჩება მერის თანამდებობაზე (და ეს შესაძლებელია, რადგან ის ძალადობს დეპუტატებზე) არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელში ჩაიგდოს ისედაც მწირი ქონება, რაც დღეის მდგომარეობით ოზურგეთშია. ასევე უმკაცრესად გავაკონტროლებთ მის საქმიანობას, დავითვლით თითოეულ ლარს.
და ბოლოს ერთი რჩევა მინდა მივცე მას, დაანებოს მუქარებს თავი, რასაც ახორციელებს სხვადასხვა სახით, ჯერ ერთი მისი არავის არ ეშინია და მეორე ამის შესახებ იციან შესაბამისმა ორგანოებმა, რომლებიც იმედია მიიღებენ გარკვეულ ზომებს ამ ადამიანის შესაჩერებლად."