სერბეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებით გამოდის ლანჩხუთელი ფალავანი, მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი გიორგი შოთაძე (მწვრთნელი ზაზა ღლონტი), რომელიც ფინალში გავიდა და მინიმუმ ვერცხლის მედალი დაიბევა.
გადამწყვეტი ორთაბრძოლა დღეს 19 საათის შემდეგ გაიმართება და გიორგის მეტოქე თურქი მოჭიდავე ქერემ კამალი იქნება. მანამდე კი მან 46 კგ წონით კატეგორიაში გზიდან ჯერ რუმინელი ტიტა ჩამოიცილა (8:0), შემდეგ უნგრელ ვანცდას 3:2 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუსი თანატოლი კარაგულოვი ასეთივე ქულათა სხვაობით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და ასაკით უფროსებთან ჭიდილში ტოლს არავის უდებს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა მოჭიდავეებს, გიორგის გარდა ფინალში გავიდნენ ლერი აბულაძე (54 კგ) და აივენგო რიკაძე (63 კგ), რომელთა მეტოქეები შესაბამისად იქნებიან რუსი დმიტრი ჩიგირევი და უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი.
ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა ჭაბუკებმა ორი მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალი დავით ფუტკარაძეს (42 კგ) ერგო, ხოლო ბრინჯაო – ჯონი ხეცურიანს 58 კგ წონით კატეგორიაში.