"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სასამართლომ დღეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. როგორც ბაქრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, "24 საათი ვერ აიტანეს გიგი უგულავა ქუჩაში გამოსული".
მისივე თქმით, გუშინ ოპოზიციამ მოიგო ბრძოლის ერთი რაუნდი, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც დასრულდება დღევანდელი ხელისუფლების შეცვლით.
„ჩვენ ველოდით ამ განაჩენს. ველოდით, რადგან წინასწარ ხდება დაანონსება პოლიტიკოსების მხრიდან, წინასწარ ხდება სპეცრაზმის მობილიზება, როდესაც 120 ტომიან საქმეს ეცნობა მოსამართლე 3 საათში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს არ აძლევენ დასკვნითი სიტყვის თქმის უფლებას. დღეს სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და ეს გააკეთა იმ ფორმით, რომლითაც ძირი გამოუთხარა სასამართლო ინსტიტუტს და იმ ნდობას, რომელიც ჩნდება ამ ინსტიტუტის მიმართ. უარი თქვა ყველა ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებზე, რაც უნდა დაიცვას ნებისმიერმა თავმოყვარე მოსამართლემ. ამიტომ დღევანდელი პროცესი იყო ცალსახად პოლიტიკური პროცესი" _ განაცხადა ბაქრაძემ.
შგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამავე საქმეში ბრალდებული დავით კეზერაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.



































































