წლევანდელი წლის 27 სექტემბერს მთვარესთან დაკავშირებული სამი მნიშვნელოვანი მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, 27 სექტემბერს მოსალოდნელია მთვარის სრული დაბნელება და დიდმთვარეობა, რასაც ემთხვევა აზიაში შემოდგომის ფესტივალის ჩატარება, რომელიც ასევე "მთვარის ფესტივალის" სახელითაა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მთვარის ფესტივალი მთვარის მერვე თვის მე-15 დღეს აღინიშნება. ჩინეთსა და აზიის ქვეყნების ნაწილში სჯერავთ, რომ ამ დღეს, წლის ყველაზე ელვარე მთვარე ანათებს.
გავრცელებული ცნობით, 30 წლის განმავლობაში პირველად 27 სექტემბერს, მთვარის დაბნელება და მთვარის დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვევა.
ჩინეთის მეტეოროლოგიური ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, დიდი მთვარე 28 სექტემბერს უფრო ახლოს იქნება ჩინეთთან ვიდრე 27 სექტემბერს, თუმცა სხვაობა შეუიარაღებელი თვალით დიდად შესამჩნევი არ იქნება.
ავიაკომპანია Spring Airlines, მთვარის მოძრაობის შესაბამისად რამდენიმე ავიარეისს შეასრულებს.
როგორც ცნობილია, დიდმთვარეობა მაშინ ხდება,როდესაც მთვარე თავის ორბიტაზე მოძრაობისას, ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან.
გავრცელებული ცნობით, 27 სექტემბერს მთვარე 14%-ით დიდი და 30%-ით ნათელი იქნება.
ნასა-ს ინფორმაციით, ამერიკის, ევროპის, აფრიკის, დასავლეთ აზიის ქვეყნების ნაწილში და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით, მთვარის დაბნელებისთვის თვალის დევნება 27 სექტემბერს დილის 8:11 წუთზე იქნება შესაძლებელი.
მთვარის სრული დაბნელება დილის 10 საათსა და 11 წუთზე მოხდება, რაც საათსა და 12 წუთი გასტანს.
დიდმთვარეობისა და მთვარის დაბნელების მორიგი დამთხვევა 2033 წელს არის მოსალოდნელი.