არასასოფლო-სამეურნეო მიწის მუნიციპალიტეტის ბალანსზე დასარეგისტრირებლად ლანჩხუთში სპეციალური მუშა ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გაწეული მუშაობის პირველ შედეგს საკრებულოს ოქტომბრის თვის ბოლოსთვის წარუდგენს. ჯგუფში გარდა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიისა წარმოდგენილი იქნება გამგეობის სამი სამსახური- ინფრასტრუქტურის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის.
აღნიშნული ინიციატივა დღეს ლანჩხუთის საკრებულოს "კონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების" კომისიის სხდომაზე მისმა თავმჯდომარმ გიორგი ჩახვაძემ გააჟღერა, რომლის თქმითაც, აუცილებელია ლანჩხუთის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირება მუნიციპალიტეტის ბალანსზე.
ჩახვაძის ეს ინიციატივა მისაღებია კომისიის დანარჩენი წევრებისთვისაც და გამოითქვა მოსაზრება, რომ მომზადდეს გეგმა, ეტაპობრივად მოხდეს გარკვეული ტერიტორიების მიხედვით საკადასტრო-აზომვითი ნახაზების შედგენა და დარეგისტრირება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მიწის ბანკის შექმნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ ყოფილა საუბარი საკრებულოს რიგ დეპუტატთა მხრიდან. მათი მოსაზრებით, მიწის ბანკით გახდება შესაძლებელი შეიქმნას სრული წარმოდგენა თუ რა ქონება და მომავალში შემოსავლის რა რეალური წყარო გააჩნია მუნიციპალიტეტს, რადგან არასასოფლო დანიშნულების მიწები მუნიციპალიტეტის განსაკარგია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხაც ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა აისახოს.