სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა, მანამდე საკვირაო ქადაგების დროს აფხაზებსა და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"მინდა გაგახსენოთ, რომ 11 წელი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. სიკეთისა და სიყვარულის მეტი მე იქ არაფერი მინახავს. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები.
მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, ერთად დადიან. დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები.
ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის – ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის", – ბრძანა უწმინდესმა.