ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში სავალდებულო გახდება. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ტუბრკულოზით დაავადებულ პაციენტებს, თუ ისინი უარს იტყვიან თავიანთი ნებით მკურნალობაზე, სახელმწიფო არანებელობით მკურნალობას ჩაუტარებს.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ჯანდაცვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.
"ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა დღეს განხილული ახალი კანონპროექტი "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ". მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვმა იკლო, საგანგაშო არის რეზიდენტული, ანუ წამალგამძლე ტუბერკულოზის გაზრდილი მონაცემები, რაც ფიქსირდება საქართველოში. ნამკურნალევი პაციენტები შეგუებულნი არიან პრეპარატებს. გარკვეული მიზეზების გამო, ისინი მკურნალობას წყვეტენ და ინფექციის გადადების კუთხით, საზოგადოებისთვის საშიშნი არიან . ჩვენი მიზანია, მათი სრული განკურნება და ამასთანავე, საზოგადოების დაცვა საშიში დაავადებისგან. ამას არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფდა."
როგორც ხუნდაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ ასრულებს რეკომენდაციებს მკურნალობასთან დაკავშირებით, ის არანებელყოფით მკურნალობას დაექვემდებარება.
კანონპროექტი 2017 წლიდან ამოქმედდება და მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.