ორიგინალური საჩუქარი: ეს შეიძლება, იყოს თვლებით შემკული ტელევიზორის გადამრთველი, მოოქრული კალამი, ეგზოტიკური ყვავილი ბროლის სფეროში, ტყავის კოლოფი ჰალსტუხისთვის…. ერთი სიტყვით, ისეთი ნივთები, რომლებიც ძვირფასიც არის, ლამაზიც, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულია.
ორიგინალური საჩუქარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მიმართ გამორჩეული მოწიწება და პატივისცემა აქვთ. იმ ადამიანმა დახარჯა არცთუ ცოტა თანხა და დრო, რომ თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული შეერჩია. უთხარით მას მადლობა.
ჭკვიანური საჩუქარი: მაგალითად, უმბერტო ეკოს ბოლო ბესტსელერი, ფრიდრიხ ნიცშეს აფორიზმების კრებული, კონსერვატორიის ორკესტრის კონცერტებზე აბონემენტი.
ასეთი საჩუქარი ყოველთვის პატივსაცემია. თუმცა, უნდა გაარკვიოთ, იუმორის გრძნობა ხომ არ ახლავს თან, თუ არა, მაშინ უნდა გაგიხარდეთ – ესე იგი, თქვენი ინტელექტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
სულელური საჩუქარი: მაგალითად, ბრინჯაოს ცხენი ფრთებით ან უფრთოდ, თიხის დიდი ლარნაკი გამხმარი ყვავილებისთვის, ვარდისფერი სპილო და მსგავსი უაზრო ნივთები.
ბევრმა მამაკაცმა საერთოდ არ იცის საჩუქრის შერჩევა და ვინმესთან კონსულტაციასაც არ კადრულობს. თუ თქვენი რჩეული ერთ-ერთი მათგანია, პირდაპირ უთხარით, რის მიღებას ისურვებდით საჩუქრად.
ანტიკრიზისული საჩუქარი: კოლგოტი, შამპუნი, საპონი, ხილი, ჩაი, ყავა, ტკბილეული, თბილი ჩუსტები…
ეტყობა შეამჩნია, რომ ამ ყველაფრის დეფიციტი გაქვთ. დააფასეთ, ის თქვენზე ზრუნავს! შეიძლება, საახალწლოდ უკეთესი საჩუქრის მიღება გსურდათ, მაგრამ ნუ მოიქცევით სულელივით და ნუ შეეცდებით დაუმტკიცოთ, რომ რაც მოგიტანათ, უკვე გაქვთ. მას თქვენთვის მხოლოდ კარგი უნდა.
სტატუს-საჩუქარი: იმპრესიონისტების ძვირფასი ალბომი, ნამდვილი "პარკერი", ან "ვატერმანი"; ფრანგული კონიაკი, ერთი სიტყვით, ყველაფერი ძალიან ძვირფასი, დახვეწილი და თანამდებობის პირისთვის შესაფერისი. მას აშკარად რაღაცის მიღება უნდა თქვენგან, ან უკვე დავალებულია. ასეთი საჩუქარი გულწრფელი სიყვარულის გამოვლენა ნამდვილად არ არის.
პრაქტიკული საჩუქარი: სამზარეულოს ჭურჭელი, სამზარეულოს ტექნიკა, მტვერსასრუტი, ფოტოაპარატი, ფენი…
მშვენიერი საჩუქრებია თუკი, რა თქმა უნდა, სახლში კიდევ ერთი ფენი და ფოტოაპარატი არ გიდევთ, მაგრამ მადლობა მაინც უთხარით. მით უმეტეს, თუ სანაცვლოდ თქვენი კულინარიული შესაძლებლობების დემონსტრირებას არ მოგთხოვენ.
ინტიმური საჩუქარი: ეროტიკული თეთრეული, ბიუსტჰალტერი, ინტიმური აქსესუარები…
თუ ამ ყველაფერს საყვარელი მამაკაცი გჩუქნით, ესე იგი, გადაგირევიათ კაცი!
ეგოისტური საჩუქარი – ეს არის, ვითომ თქვენი რომ ჰქვია და სინამდვილეში ის გამოიყენებს. სამწუხაროდ, მამაკაცებში ასეთი ეგოისტური "გამოხტომები" საკმაოდ ხშირია. ჩათვალეთ, რომ გვერდით წვრილმანი ხულიგანი გყავთ.
იდეალური საჩუქარი: ის, რაზეც ოცნებობდით. ნივთი, რომელიც გინდოდათ, რომ გქონოდათ. წინასწარ ხომ არ უჩურჩულეთ ყურში? ყოველ შემთხვევაში, მართლა ჰყვარებიხართ და თქვენი სიხარული აბედნიერებს.