9 ოქტომბერს, ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ჯერ ძალით ჩასვეს მანქანაში, მერე კი გადმოიყვანეს და ეუბნებოდნენ: "თვითონ ამოიღე ჯიბიდან ნარკოტიკიო".
" დავინახე, ძალით ჩატენეს მანქანაში, შიგნით ჩანდა რომ იბრძოდნენ, არ ვიცი ურტყამდნენ თუ თვით დაკავებული იწევდა თავის გასათავისუფლებლად. მერე ძირს გადმოიყვანეს და ეუბნებოდნენ, შენ თვითონ ამოიღე ჯიბიდან, რაც გაქვსო… ცუდად გავხდი. ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა კაცი ვიცანი. ამ ახალგაზრდას ცხოვრებაში არც მოუწევია და არც სვამს. შეიძლება რაიმე სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ ასე პოლიცია არ უნდა ძალადობდეს, "_ გვესაუბრა ერთი თვითმხილველი ქალბატონი.
"გურია ნიუსი" შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
"გიდასტურებთ, რომ გუშინ ოზურგეთში ნამდვილად დააკავეს ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას, შენახვას, გადაზიდვას, "_ გვითხრა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა მზია წიტაიშვილმა.