ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თამარ ნადირიძე თავის ანგარიშზე ჩარიცხულ პრემიას უკან აბრუნებს. ამის შესახებ "გურია ნიუსი"25 დეკემბერს წერდა.
"მიმაჩნია, რომ ქალაქ ოზურგეთის საბიუჯეტო სახსრები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, ამიტომ უარს ვამბობ პრემიის სახით დარიცხულ თანხაზე და უკან ვუბრუნებ ოზურგეთის ბიუჯეტს, რის თაობაზეც უკვე განცხადებით მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს. ასევე მოვუწოდებ სხვა თანამშრომლებსაც დაუბრუნონ ქალაქის ბიუჯეტს პრემიის სახით მიღებული თანხა.
ქალაქის საკრებულოს ვთხოვ, ჩემს მიერ დაბრუნებული თანხით დაეხმარონ სოციალურად შეჭირვებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
ასევე წინადადებით მივმართავ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს და მერიას მანამ სანამ პრემიის სახით თანხას ჩაურიცხავდნენ აპარატის თანამშრომლებს მანამდე მიიღონ მათი თანხმობა პრემიის მიღებაზე."- განაცხადა ნადირიძემ.
თამარ ნადირიძეს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ერთი ნაწილი და საკრებულოს თანამშრომლები წერილობით გამოეხმაურნენ.
"ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები თავიდანვე გიდასტურებთ პატივისცემას და თქვენი მედიაში გამოქვეყნებული მიმართვის საპასუხოდ მოგახსენებთ, რომ ჩვენ არათუ ვიზიარებთ თქვენ პათოსს, "რომ საბიუჯეტო სახსრები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ," არამედ როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ასევე საკრებულო და მერია, სწორედ ამას ემსახურება. ბიუჯეტს სხვა დანიშნულება არც აქვს, თუ არა ქალაქის მაცხოვრებელთა ინტერესის გათვალისწინება და ეს თვალნათლივ ჩანს ქ.ოზურგეთში მიმდინარე ცვლილებებით თუ უკვე დასრულებული სამუშაოებით. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ მთავარი საფინანსო დოკუმენტის შინაარსი, სადაც ყოველი პროგრამა და მუხლი, სწორედ თითოეულ მოქალაქეზეა გათვლილი, ამაში უდაოდ გვეთანხმებით, რადგან სხვანაირად რომ ფიქრობდეთ, თქვენი ფრაქციიდან შემოსულ ერთადერთ შენიშვნას, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, სხვა წინადადებასაც დაურთავდით.
თქვენი მოწოდება პოპულიზმია ქალბატონო თამარ, რადგან ხმამაღალ პროცედურათა გარეშე შეგეძლოთ ჩარიცხული თანხა თვითონვე მიგემართათ თქვენივე შეხედულებისამებ, აგრეთვე, როგორც თანამდებობის პირი, მობრძანებულიყავით საკრებულოში და ჯერ აპარატის თანამშრომელთა აზრს გასცნობოდით (თქვენ დასაქმებულთა ანუ სამსახურის მქონეთა, წარმომადგენელიც ბრძანდებით ქალაქის საკრებულოში, მითუმეტეს თუ ისინი, თქვენს შეუფერხებლად საქმიანობას ემსახურებიან), ასევე გასცნობოდით კოლეგების დამოკიდებულებას, რომლებიც პოპულისტური განცხადებების გარეშე წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს და არ აკონკრეტებენ სად, როგორ მიმართავენ კუთვნილ ხელფასს თუ პრემიას."– ნათქვამია დეპუტატების მიერ გავრცელებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ნადირიძის კოლეგები:
გ. კობალაძე, ნ. გოგუაძე, ლ. ბიგვავა, ი. საჯაია, ნ. ტაბატაძე, კ. კვაჭაძე, ნ. ორაგველიძე, გ. მგელაძე, ლ. თოიძე, მ. მახარობლიძე.