თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მერის ყოფილმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა.
"ის არის განათლებით ეკონომისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 1999 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. საჯარო სექტორში ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. რაც შეეხება კერძო სექტორში მის გამოცდილებას, ის გახლავთ "ქართუ ჯგუფის" წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე – შპს "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და ბანკ "ქართუში".
მას გააჩნია ყველა უნარჩვევა და თვისება იმისთვის, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც მერის მოადგილის პოსტი ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას და წინსვლას უკავშირდება", – განაცხადა ნარმანიამ.
ქალაქ თბილისის საკრებულოს გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.