კალანდა დღეს "გურია ნიუსის" რესპოდენტი, გიული ტოროტაძე 79 წლის გახდა. ეს ინფორმაცია თავად იუბილარმა მზუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში ყოფნის დროს გაგვიმხილა.
"მივცემ თავს უფლებას და გეტყვით, რომ კალანდას ვარ დაბადებული. ძალიან მიყვარს "გურია ნიუსი" და ყველა ის ადამიანი, ვინც მოხუცს აფასებს. დღეს უფასო სასადილოში ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით კონცერტი იმართება და ახლა ვეხუმრებოდი ჩემს მეგობრებს, ხომ ხედავ როგორ აღმინიშნეს იუბილე-თქო." – გვითხრა გიული ტოროტაძემ.
ტრადიციულ კონცერტს უფასო სასადილოში ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, მისი მოადგილე კობა დუნდუა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"გურიაში დღეს დადგა ნამდვილი ახალი წელი და ყველას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ."- თქვა ბეგლარ სიორიძემ.
"გურია ნიუსი" ერთი წყვილით დაინტერესდა. ოთხი წელია ცოლ-ქმარი, მარი თოდრია და იური კვერღელიძე უფასო სასადილოში მიირთმევენ სადილს.
_ სამი წელია დავქორწინდით, მაგრამ აქ ოთხი წელია დავდივართ. სასადილოში გავიცანით ერთმანეთი და ახლა ერთად ვცხოვრობთ,"- გვითხრა მარი თოდრიამ.
საახალწლო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა, რისთვისაც ქალაქ ოზურგეთის მერიიდან 3813 ლარი იყო გამოყოფილი.
შოუ-პროგრამა კი ქალაქ ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ იყო მომზადებული.
ღონისძიების დასასრულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცეს.
"მოვიტანეთ ხილი, შოკოლადები და ტკბილეული. ეს ჩვენი ინიციატივა იყო, გვინდოდა, რომ კალანდა დღეს გადაგვეცა საჩუქრები ბენეფიციარებისთვის," – გვითხრა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ, სალომე ვადაჭკორიამ.