სათამაშო ბიზნესის მაგნატი, ლას-ვეგასის ყველაზე ცნობილი კაზინოების, მათ შორის, „ბელაჯიოს” მფლობელი სტივ უინი 2,3 მილიარდდოლარიანი კაპიტალის პატრონია და, ასევე, ცნობილი მხატვრების ძვირად ღირებული ტილოების კოლექციონერია.
ცნობილია, რომ უინს პრობლემები აქვს თვალებთან დაკავშირებით – მას დაზიანებული აქვს პერიფერიული მხედველობა და ხშირად ვერ საზღვრავს მანძილს ამა თუ იმ ნივთს შორის. სწორედ თავისი პრობლემის გამო, სტივ უინმა "მოახერხა" და პაბლო პიკასოს 139 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო – "სიზმარი" ხელით დააზიანა, რის გამოც შედევრზე მოზრდილი ნახვრეტი გაჩნდა.
პიკასომ "სიზმარი" 1932 წელს დახატა და მასზე თავისი საყვარელი, მარია-ტერეზა უოლტერი ჰყავდა გამოსახული. საინტერესოა, რომ უინი ტილოს გაყიდვას გეგმავდა, თუმცა, მისი დაზიანებისა და რესტავრაციის შემდეგ, გადაწყვიტა, თავისთან დაიტოვოს პიკასოს ეს ნამუშევარი.
პრინც ალბერ მეორის მიერ ბოძებული მონაკოს მოქალაქეობის მქონე უინის კოლექციაში ინახება პოლ სეზანის, პოლ გოგენის, ვინსენტ ვან გოგის, ანრი მატისის, ენდი უორჰოლის, იოჰან ვერმეერისა და ედუარდ მანეს ნამუშევრები.