გურიაში დღეს დილიდან გადაუღებლად თოვს. გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გზები ამ წუთებშიც ინტენსიურად იწმინდება. მობილიზებულია სპეც. ტექნიკა.
_ სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ხელმძღვანელობს, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მოქმედებს ცხელი ხაზი – ტელ: (0496)27 – 58 – 81; 595 59 – 77 – 50 . შტაბს კოორდინაცია აქვს "ენერგო – პრო ჯორჯიას," ,,წყალმომარაგების კომპანიისა“ და "სოკარ გაზის" შტაბებთან, _ აღნიშნულია გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ გურიის 55 000 აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია 5500 აბონენტს არ მიეწოდება.
_ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა არსებულ რესურსს იყენებენ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. გზებზე იყრება მარილი. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას, _ აღნიშნავენ გუბერნიაში.

































































