მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი გასულ კვირას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც სხდომაზე ითქვა, ამისთვის კომუნალურ სამსახურს დამატებით 5 000 ლარი გამოეყოფა და სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი ჩოხატაურის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების მოვლაზე.
წესი განსაზღვრავს მწვანე ნარგავების აღრიცხვას, მათი მდგომარეობის შეფასებას და არეგულირებს გადაჭრის, გასხვლის, გადარგვის და განაშენიანების მეთოდებს.
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის ირაკლი ახობაძის თქმით, საკითხი შესწავლილი არ არის და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. ამის გამო, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა წესის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. თუმცა, ეს ხმა გადამწყვეტი არ ყოფილა და, შესაბამისად, მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი დაამტკიცეს.