ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, გურიის ქუჩის გასწვრივ, იქ, სადაც თაყაიშვილის ქუჩა იწყება, ერთი, გარედან ლამაზი მოსაცდელი დგას.
აქ სოფლების _ დვაბზუს, ჭანიეთისა და ლიხაურის მგზავრები ელოდებიან ხოლმე სამარშრუტო მიკროავტობუსებს, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში მოძრაობენ.
ამ, გარედან ლამაზ მოსაცდელში, წვიმის დროს, მისი დადგმის დღიდან წყალი ჩამოდის. მოსაცდელი აქ ხუთი წლის წინ, მერის არჩევნების დროს გაჩნდა და საარჩევნო პლაკატები, მას შემდეგ, თითქმის სამი წლის განმავლობაში იყო გამოკრული მარცხენა კედლის მთელ სიფართეზე.
იმის შესახებ, რომ ამ მოსაცდელში წყალი დადგმის დღიდან ჩამოდიოდა, ჩვენ მაშინაც ვწერდით. თუმცა მისი შეკეთება არ მომხდარა.
ახლა, გახშირებული წვიმების გამო, აქ შეყუჟული მგზავრები ხშირად კედელს აეკვრებიან ხოლმე, რომ ცოტათი მაინც დაიცვან თავი წვიმისგან _ როგორც გარეთ, ისე შიგნით.
გურულებმა ამ მოსაცდელზე ხუმრობა იმიტომ გაააქტიურეს, რომ სახურავზე, წვიმის შემდეგ, წყალი გუბდება და რომც გადაიღოს, მოსაცდელში მაინც “წვიმს”.
_ მოით, ბიძია, აგერ, მოით, შეეყუდრეთ. გარეთ წვიმამ რომც გადეიღოს, შიგ მაინც წვიმს, მარა აგი ჟუჟუნა წვიმაა და პაწე ნაკლებად დასველდებით. კი გიცდით დარშიც წვიმა ამ მოსაცდელში. მარაგიანი სახურავი აქვს, _ ახლახან მხიარულად შეეგება სასკოლო ბაზრობიდან მომავალ ბავშვებს დვაბზუს ავტობუსის მომლოდინე კაცი, რომელიც თავადაც გვარიანად გაწუწული იყო. _ დილით ადრე წამოვედი შინიდან, ქოლგა დამავიწყდა და კი ვარ ღირსი, ასეთ მოსაცდელში ვიდგე.
ხუმრობაზე კი თავად გააკეთა განმარტება:
_ აბა, არ ვიხუმროთ? დაწერეთ კიდევ, თუ გამოვა რაიმე, მაგრამ რა ვიცი, ხუთი წელი იქნება, ასე გვიცდის ამ მოსაცდელში წვიმა. ახლა, ძალიან თუ ცხელა, კი შეიძლება მწველ სხივებს შეაფარო თავი. თორემ წვიმისგან რომ არ გვიცავს ეს, ყველა ხედავთ. საარჩევნო პლაკატები იყო გამოჭიმული ზედ და ამ საქმისთვის უფრო დასჭირდებათ მომავალ არჩევნებზე…
_ ჩვენ მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალზე გვევალება მოსაცდელების მეთვალყურეობა. ეგ კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეხება, _ გვითხრა შპს “გზამშენი-18”-ის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვამ.
ოზურგეთის მერიაში აღნიშნულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და გვითხრეს, რომ პრობლემას მოაგვარებენ.
ავტორი





























































