ოზურგეთში თხილის ფასი, როგორც ახლა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დაბალია _ სულ ცოტა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, არასდროს მომხდარა, ზაფხულის ბოლოს “გულშიშველას” თუ ნარევის და “ბერძნულას” ფასი ერთი და იგივე ყოფილიყო _ ახლა ერთი კილოგრამი ნებისმიერი ჯიშის თხილი ორი ლარი ღირს!
თხილის მიმღებ პუნქტებში, ადრინდებულად, ახლა გატეხვასაც არ სთავაზობენ ხალხს. იმ შემთხვევაში, თუ თავად თხილის პატრონმა არ მოითხოვა გატეხვა და საღი გულის მიხედვით, საფასურის ანაზღაურება.
_ ყველანაირ თხილს ორ ლარად იბარებენ. ნაძალადევად ტეხენ, ისიც თუ მოთხოვე. ახლა ფასს არ იკითხავთ? ერთი საღი გული 50 თეთრი ღირს და გატეხილი ათი ცალიდან, რამდენი იქნება საღი, იმდენჯერ 50 თეთრს გადაგიხდიან. ეს ფასია? უკვე რამდენი წელია, თხილის საქმე უკან წავიდა, მაგრამ წელს რაც ხდება, მართლა ადამიანის მასხრად აგდებაა. მიიჩნევენ, რომ კარგია თუ ცუდი, ყველას ერთი ფასი უნდა ჰქონდეს. თუ გინდათ, ორ ლარად ჩავიბარებთ, თუ არადა, უკან წაიღეთო, გვეუბნებიან. გამოდის, რომ ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ გატეხვა, საუკეთესო თხილიც ორ ლარად უნდა ჩავაბაროთ, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული ქალბატონები: ნინო სალუქვაძე, ეთერი ლომჯარია, ქეთინო ბაბილოძე და სხვები, რომლებმაც, როგორც გვითხრეს, საგანგებოდ მოგროვებული თხილი ჩააბარეს, რათა შვილები სასკოლოდ მოამზადონ.
ახლა ოზურგეთში, თხილის ფასი, როგორც არასდროს, ისეთ დაბალ ნიშნულზეა და არც არავინ იცის, რა მოხდება უახლოეს მომავალში.
მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი ახერხებს, თხილი შეინახოს და ფასის მომატებას დაელოდოს. პლანტაციებში კი ე.წ. ველურა შემორჩა, რომელიც სექტემბრის ბოლომდე იკრიფება და შესაძლოა, მხოლოდ იმით დარჩეს ფერმერი მოგებული, რომ წონით უფრო მძიმეა ეს სახეობა.
ავტორი































































