თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, მაგისტრალური წყლის მილის დაზიანების გამო, ასფალტის საფარი დაზიანდა.
დილიდან ქუჩაზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.
როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, დაზიანება ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, დაახლოებით 6:30 საათზე მოხდა.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა კომპანიამ დილის 7 საათზე დაიწყო.
"ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაზიანების აღმოფხვრას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს", – აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, დაზიანების ადგილზე 20 წუთში მობიზებული იყო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურის ორი სპეცბრიგადა, ასევე, სპეცტექნიკა – 2 ტრაქტორი, 7 თვითმცლელი, ამწე.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეეზღუდული აქვს: დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ "გუდვილის მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.
კომპანიის განცხადებით, დღეს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, უნივერსიტეტისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.
კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის – 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ გზის აღდგენით სამუშაოებს მთლიანად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აანაზღაურებს.
"ამ ქუჩაზე გზა 2015 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა. მთლიანად დასრულებული იყო სამუშაოები, მაგრამ წყალსადენის 1000 მმ–იანი მაგისტრალური მილის გახეთქვის გამო, ასფალტის საფარი საკმაოდ დიდ ფართზე დაზიანდა. ასფალტის საფარი არა მარტო იმ ადგილას, აც ვიზუალურად ჩანს, არამედ უფრო დიდ ფართობზეა დაზიანებული. მთლიანად დაძრულია ასფალტის საფარი. სალიკვიდაციო სამუშაოებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეასრულებს, შემდეგ კი მერიასთან შეთანხმებით შეასრულებს ასფალტის საფარის პირვანდელ სახეზე მოყვანას. თვითონ მოუწევთ დაგება, რადგან მისი ბრალეულობაა. ხარჯებს თვითონ აანაზღაურებს", _ განუცხადეს "გურია ნიუსს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
მათივე თქმით, საერთო ხარჯების და გზის აღდგენის ვადების შესახებ ჯერჯერობით საუბარი შეუძლებელია.