სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, კახა თავბერიძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა.
თავად კახა თავბერიძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს მისი წასვლის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.
"არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას", – გვითხრა კახა თავბერიძემ.
რა გახდა კახა თავბერიძის წასვლის მიზეზი, ამასთან დაკავშირებით არც სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრესსამსახურში არ საუბრობენ.
"კახა თავბერიძემ თავად დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე" – გვითხრეს პრესსამსახურში.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ კახა თავბერიძის გათავისუფლებაზე ხელი ამ დრომდე არ არის მოწერილი.
კახა თავბერიძე გურიის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, ლელა თავართქილაძის ახლო ნათესავია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე დაინტერესებულია ლელა თავართქილაძის ახლობლების და ნათესავების თანამდებობიდან გათავისუფლებით."
"ლელა თავართქილაძის სახელი მსმენია, მაგრამ მისი ნათესავები სად არიან დასაქმებული, არ ვიცი. მეტ საუბარს ამ თემაზე არ ვაპირებ. კახა თავბერიძემ თუ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ამას ჟურნალისტებისგან ვიგებ" – თქვა ჩვენთან საუბრის დროს გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.