ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის ეფექტურობა, ღონისძიებების კალენდარი და გაძლიერებული კამპანია ვიზიტორთა მოსაზიდად– ტურისტული სექტორის პრიორიტეტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის დასაწყისში პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტთა მოსაზიდად საჭიროა კამპანიის გაძლიერება, ასევე უნდა შემუშავდეს წლის ღონისძიებათა კალენდარი, რათა უქმე დღეებში და დღესასწაულებზე თბილისი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.
„აქ ტურიზმის სფეროს დივერსიფიცირებული მიმართულებების წარმომადგენლები ბრძანდებით და გვინდა, რომ უმოკლეს ვადებში დავგეგმოთ გაძლიერებული კამპანია, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის საქართველოში შემოსაყვანად.
ამას გარდა, განვიხილოთ სხვადასხვა ღონისძიების კალენდარი წლის განმავლობაში, რომ ყოველ უქმეზე თუ დღესასწაულზე თბილისში ხდებოდეს რაღაც საინტერესო, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს, როგორც რეგიონიდან, ისე შორეული ქვეყნებიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელიც გვინდა, რომ შემოგთავაზოთ და გვინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ ამ გეგმის შესახებ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე წარმოგიდგენთ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის პრიორიტეტებს და გვინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს, ხომ არ შევცვალოთ რაიმე ან როგორ მოვძებნოთ უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტური ხარჯვის გზა,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის განმარტებით, მსგავს შეხვედრებს ექნება რეგულარული ხასიათი, რათა ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც სახელწიფო გადადგამს, შეთანხმებული იყოს სექტორის წამყვან კომპანიებთან.
„ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა. მინდა იცოდეთ, რომ გვექნება რეგულარული შეხვედრები, რათა ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო გადადგამს ამ მიმართულებით, იყოს სექტორის წამყვან კომპანიებთან განხილული.
რასაკვირველია აქ ყველა კომპანია არ არის წარმოდგენილი. ჩვენ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც გავაგრძელებთ ამ განხილვებს,"–აღნიშნა პრემიერმა შეხვედრის დაწყების წინ.