"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ რეგიონის (რაიონის) სოციალურ – ეკონომიკური საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით გააჩნიათ შესაბამისი მაღალკვალიფიციური კომპეტენცია, დაგროვილი გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
"თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორ უშვებს შეცდომებს ხელისუფლება. ამ შეცდომების ერთ- ერთი მიზეზი, სწორედ, ვიწრო წრეში, ან ერთპიროვნულად მიღებული არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებია . საბოლოოდ კი, ეს მძიმედ ისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შეგახსენებთ , ყველა ცივილურ, დემოკრატიულ, პლურალისტურ სისტემაში ოპოზიციური ძალები განხილულია, როგორც პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და მათი აქტიური მონაწილეობა, ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას." – ამბობს სალუქვაძე.
მისივე თქმით, ასევე აუცილებელია, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შესაბამისი ინფორმაციებით სრულფასოვანი უზრუნველყოფა. დემოკრატიული სამყარო ურთიერთობის, პოლიტიკური თანაცხოვრების, მართვისა და ორგანიზების სხვა ფორმებს არ იცნობს. ამ პრინციპების უგულებელყოფას ხელისუფლება მიყავს მხოლოდ და მხოლოდ თვითიზოლაციასა და ერთპიროვნული მართველობისაკენ. ასეთი სისტემა კი, დღევანდელ რეალობაში განწირულია და მას მომავალი არ გააჩნია.