ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე თამარ ნადირიძის განცხადებას ეხმაურება.
''როგორც ჩანს, ქალბატონმა თამარმა ისევ ვერ გამოიმუშავა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ისევ პოპულისტის ამპლუაში ამჯობინა დარჩენა. თემა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეხება, ისევ და ისევ პროვოკაციული და სპეციალურად აგორებული ვითომ სკანდალია.
რეალობა კი ის გახლავთ, რომ ქალაქ ოზურგეთში ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით, კანონის ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ სამუშაოს რომელი ფირმა აწარმოებს. მთავარი ის გახლავთ, რომ ნებისმიერი სამუშაო შესრულების ხარისხის ყოველდღიური კონტროლითა და ყველა კანონიერი ჩარჩოს გათვალისწინებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამა თუ იმ ფირმას, პროექტსა და შეკითხვებს, რომელიც თამარ ნადირიძეს უჩნდება, ნებისმიერ დროს შეუძლია მობრძანდეს ქალაქის მერთან, რომელთან შეხვედრის პრობლემა არა თუ დეპუტატს, არამედ არცერთ მოქალაქეს არა აქვს და ყველა, მისთვის ბუნდოვანი საკითხი გაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თანამშრომლობისთვის მას არასდროს მიუმართავს და ყოველთვის პრესის ფურცლებიდან ''განგაშის ზარების'' შემოკვრას ამჯობინებს, მაინც მზად ვარ, ნებისმიერი საკითხი განვუმარტო, თუ სიმართლის მოსმენა ნამდვილად აინტერესებს, მაგრამ ქალბატონი თამარი არ გახლავთ სიმართლის გარკვევით დაინტერესებული. მისი ინტერესის სფერო გახლავთ პოპულისტური განცხადებების კეთება, რომლის შესახებაც ოზურგეთში დღეს ბავშვმაც კი იცის.
ვიცი, ამ ჩემს პასუხს ისევ პასუხის პასუხი მოყვება, მაგრამ მაინც მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ თამარს: ჩვენს ქალაქში არ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თქვენს უმარტივეს პროვოკაციებზე წამოეგებიან და ამით სასურველ შედეგს მიაღწევთ.
ქალბატონო თამარ, დამშვიდდით. ქალაქის მერიას ყველაფერი კარგად აქვს გათვიცნობიერებული და, თქვენდა სამწუხაროდ, მომავალშიც ექნება. რაც შეეხება საკრებულოს, გირჩევთ, ნუ მიაყენებთ მას შეურაცხყოფას, რამეთუ ამ საკრებულოს წევრი თავად ბრძანდებით.
და ბოლოს, მინდა შეკითხვა დაგისვათ: ასეთი არაადეკვატური კითხვებით ვის აყენებთ შეურაცხყოფას? საზოგადოებას, მერს თუ საკუთარ თავს?!''
(R)