თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადინა ტერორისტული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფირისებიას და გიორგი კუპრავას მიმართ. აიუფ ბორჩაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო, გიორგი კუპრავას მიმართ , ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წელი განესაზღვრა, საიდანაც 1 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოიხდის, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალად ედებოდათ, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ხოლო აიუფ ბორჩაშვილს აგრეთვე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირების გადაბირება.
"საქმის მასალების თანახმად, აიუფ ბორჩაშვილი გაერთიანდა ორგანიზაცია ,,ერაყისა და ლავანტას ისლამური სახელმწიფო”-ში, რომელიც გაეროს 1999 წლის 15 ოქტომბრის შესაბამისი რეზოლუციით, აღიარებულ იქნა ტერორისტულ ორგანიზაციად. ა. ბორჩაშვილმა განიზრახა ადამიანური რესურსებით დახმარებოდა ორგანიზაციას და სხვადასხვა საშუალების გამოყნებით გადაიბირა მასთან ერთად ბრალდებული პირები, ისლამური სახელმწიფოს ერთგულების ფიცის ე.წ „ბაიათის“ მიღების გზით და გააერთიანა ამავე ორგანიზაციაში. მანვე ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით სირიაში გაგზავნა არასრულწლოვანი მუსლიმ კ. და რამზან ბ. სამართალდამცველებმა აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს სოფ. გომბორში , გიორგი კუპრავა კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს, რაც შეეხება გიორგი ხუტუნიშვილსა და დავით ფირისებიას, ისინი დაკავებულ იქნენ 2015 წლის 14 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რა დროსაც ისინი ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სირიაში მიემგზავრებოდნენ.
საქმის არსებითი განხილვა ღია სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობდა, გარდა საქმის იმ ნაწილისა, სადაც დაიკითხნენ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები. პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებისა და მოწმედ დასაკითხ პირთა და მათ ოჯახის წევრთა უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2015 წლის 10 ნოემბერს და მოცემულ საქმეზე დაიკითხა 37 მოწმე და თავად ბრალდებულები.
აიუფ ბორჩაშვილი, გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ წარდგენულ ბრალდებაში. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დავით ფირისებიასა და გიორგი ხუტუნიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი ტერორისტულ საქმიანობაში მათი დახმარების ნაწილში არ დადასტურდა.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.