ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას კიდევ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანამ ბალისტიკური რაკეტები ბირთვული თავდასხმების უნარის გასაუმჯობესებლად უნდა გამოსცადოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობია, როდის და სად გამოსცდის ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ ბალისტიკურ რაკეტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკურ რაკეტებზე ბირთვული ქობინი დაამონტაჟა.
როგორც ცნობილია, გაერო-მ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას გასულ თვეში ბირთვული რაკეტების გამოცდის გამო სანქციები დაუწესეს, ახალი ტესტების ჩატარებით კი ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს სანქციებს კიდევ ერთხელ დაარღვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც გაერო-მ მას სანქციები დაუწესა, ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში მოკლე რადიუსზე მოქმედი ჭურვები გაუშვა.
მაუწყებლის ცნობით,სამხრეთ კორეაში ჩრდილოთ კორეის ქმედებებით შეშფოთებულები არიან, ხოლო გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ფხენიანს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეას რაკეტებზე ქობინის დამონტაჟება წარმატებით შეძლო.
თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი ადმირალის, ბილ გორტნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ქობინით აღჭურვილი ორივე რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოიყენოს.