თბილისში არქეოლოგიური ცენტრის გასხვისების ფაქტი საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტმა გააპროტესტა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, უზნაძის ქუჩის 14-ში მდებარე შენობის გარემონტებაზე მთავრობამ უარი განაცხადა და ქუმსიშვილის უწყება მის გასხვისებას გეგმავს.
ამ დრომდე გაურკევევლია იქ მომუშავე ათობით მეცნიერის ბედი და ისიც, რა ელის ცენტრის საცავებს.
კომიტეტის წევრები ფიქრობენ რომ არქეოლოგიური ცენტრების გასხვისების უკან ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ფინანსური ინტერესები დგას და ამბობენ, რომ ეროვნული მუზეუმის ქონების ხელში ჩაგდების უკან ეკონომიკის მინიტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და მისი პირველი მოადგილის ირმა ქავთარაძის ინტერესები დგას:
_ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქუმსიშვილის უწყება მიზანმიმართულად ასხვისებს ეროვნული მუზეუმის ქონებას. დიმიტრი ქუმსიშვილი არის ის ადამიანი, ვინც მოაწერა ხელი საყდრისის აფეთქებას და ამ ქმედებით უამრავი პრივილეგია მიიღო _ ფაქტიურად ვიცე პრემიერობისკენ გაეხსნა გზა.
ჩვენ გვაქვს მასალები მისი პირველი მოადგილის ირმა ქავთარძის წინააღმდეგ. უახლოეს მომავალში დავდებთ ამ ქალბატონზე და მისი ოჯახის წევრებზე სკანდალურ ფაქტებს. თუმცა, მინდა ვკითხო ბატონ დიმიტრის _ იცის თუ არა რას საქმიანობს დღეს ირმა ქავთარაძის მეუღლე და თუ არა იცის მაშინ დაინტერსდეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს ხელი აიღოს მუზეუმის ქონებაზე და შეაჩეროს ქონების გაჩუქება, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე.
საყდრისის დაცვის კომიტეტი უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს მთავარ პროკურატურას და გადასცეს მასალები, რომლებიც მათი განმარტებით ეკონომიკის სამინიტროს მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით, მასალის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.