საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" პრეზიდენტის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა, შეხვედრის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სხვა მინისტრებთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრას გამართავენ, ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის და პრეზიდენტის შეხვედრის თემა სამთავრობო ცვლილებებია.
მედიაში გავრცელებული ცნობით, თანამდებობებს დატოვებენ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დატოვებენ.
უკვე სახელდება მინისტრების შემცვლელების ვინაობა. კერძოდ, თინა ხიდაშელს ირაკლი სესაიშვილი შეცვლის, გიგლა აგულაშვილს – ნინო სულხანიშვილი, თამარ სანიკიძეს – მაია მიმინოშვილი, პაატა ზაქარეიშვილის პოსტზე კი მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დარჩება.
შეხვედრა პარტიის ოფისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, პრემიერს და პრეზიდენტს კი 18:00 საათზე ელოდებიან.