საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"კიდევ ერთხელ გააქტიურდა სააღდგომოდ ქალაქის ამოსუნთქვით მოხარულთა და ამ მოხარულების მლანძღველთა ეროვნული საკითხი, მაგრამ მე ვერცერთ მხარეს ვერ დაგამშვიდებთ. "ჩამოთრეულები წაეთრიონ'' და პასუხად: "თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო'' (ვინმემ რომ გვითხრას სხვა პლანეტიდან – ,"დედამიწელები მარტო ვენდობიონტები იყვნენ, ძმაო, 550 მილიონი წლის წინ'') – ერთი და იგივე კომპლექსის ორი გამოხატულებაა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ მგონია "ჩამოსულების'' ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების 'ჩამოსულობის'' მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: "თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები''.