ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებულ ნონა გაფრინდაშვილი დღეს იუბილარია. ჭადრაკის დედოფალს 75 წელი შეუსრულდა.
ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალია, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ვაჟთა შორის მოიპოვა _ იგი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულიცაა.
გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962 წელს მოიგო, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში კი კიდევ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება!
ქალბატონი ნონა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.
1989 წელს ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, 1996 წლიდან კი ის სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.
1996 წელს ქალბატონი ნონა სამი უმაღლესი სპორტული ორდენით დაჯილდოვდა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით.
1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა. 2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.