ღონისძიებები საქართველოს ეროვნული გმირებისთვის პატივის მიგებით დაიწყო. გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ობელისკი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების პრეზენტაციას – თემაზე "ჩემი ქალაქი – დამოუკიდებლობის სათავეებთან" დაესწრნენ.
ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების ნახვისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ქალაქის თეატრალურ მოედანსა და ჭადრების ბაღში აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა:
სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა – "26 მაისი"; მარათონული რბენა – ჭავჭავაძის ქუჩა; თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული მძიმე ტექნიკის გამოფენა, ჩემპიონატი ჭადრაკში; მაგიდის ჩოგბურთი; შაში; ტაეკვან დო კარატეს საჩვენებელი გამოსვლები; მკლავჭიდი , ქართული ჭიდაობა; მოეწყო ტურიზმის კუთხე. გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების, თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,გურიამ’’ ფლეშ-მობი წარმოადგინა. ღონისძიებები თეატრალურ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა მიიღეს.
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში მხატვრის გერონტი ღლონტის გამოფენა "ოქროს პალიტრა" გაიხსნა, სადაც მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა-კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა ჯგუფმა "ფრანი" და მომღერალმა თორნიკე ყიფიანმა მიიღეს.
"დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი. მთელს საქართველოსა და გურიას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მუდამ იცავენ ჩვენს ქვეყანას. ერთიანობა და ღვთის წყალობა ნუ მოგვიშალოს უფალმა,"– აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
(R)