ღონისძიებები საქართველოს ეროვნული გმირებისთვის პატივის მიგებით დაიწყო. გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ობელისკი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ნაშრომების პრეზენტაციასაც დაესწრნენ.
ამავე დღეს გაიხსნა სახვითი ხელოვნების ცენტრის წინ მხატვარ გერონტი ღლონტის ''ოქროს პალიტრა'' და ცენტრმა მხატვრის ნამუშევრების ექსპოზიცია წარმოადგინა.
ქალაქის თეატრალურ მოედანსა და ჭადრების ბაღში აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული მძიმე ტექნიკის გამოფენა, შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ტაეკვან დო-ს სახეობებში, ასევე, მოეწყო მარათონული რბენა, გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების, თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
სპეციალურად ამ დღისთვის ჯ. დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "გურიამ" ფლეშ-მობი წარმოადგინა.
ღონისძიებები თეატრალურ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა მიიღეს.
"ვულოცავ ჩემს ქალაქს და მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს, მახარებს ჩემი თანაქალაქელების ერთად ყოფნა, რაც კიდევ უფრო მეტ ენერგიას მმატებს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი ქალაქის წინსვლისა და განვითარებისათვის ბევრი რამ გავაკეთო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვისა და კულტურის სამინისტროებს , ასევე, ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც დღევანდელი დღის ასე ღირსეულად ჩატარებაში მონაწილეობას იღებდა" – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა-კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა ჯგუფმა "ფრანმა" და მომღერალმა თორნიკე ყიფიანმა მიიღო.