პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს შეხვედრები გამართა გურიის რეგიონში. ბურჭულაძე და მისი გუნდი მოსახლეობას ოზურგეთში, სუფსასა და ლანჩხუთში შეხვდა, სადაც მათ პარტიის სამომავლო გეგმებსა და ქვეყნის გაჭირვებიდან გამოყვანის კონკრეტულ გეგმებზე გააკეთეს აქცენტი.
"ქვეყანაში ყველა სფეროში ცვლილებებია გასატარებელი. გპირდებით, პენსიებსაც შევცვლით, ბავშვებსაც მივცემთ ნორმალური განათლების მიღების საშუალებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შევუქმნით შესაბამის პირობებს და ავადმყოფებსაც მიეცემა მკურნალობის საშუალება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინ წავიდეს ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანები დასაქმდნენ. ეს არ არის ფუჭი სიტყვები, მე რასაც გპირდებით რეალურია. ჩემს გვერდით იმ ადამიანების გუნდია, რომელთა მიერ გაცემული დაპირება შესრულებადია" – განუცხადა დღეს შეხვედრაზე მოსულ ლანჩხუთელებს პაატა ბურჭულაძემ.
"სახელმწიფო ხალხისთვის" გუნდი დაპირებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსია 250 ლარი გახდება, ხოლო სოციალურად დაუცველთა პაკეტი ოთხი წლის განმავლობაში არ გადაიხედება.
პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენაც მოუწოდა- "დღევანდელი ხელისუფლების ინტერესშია, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მთავარია მიდით საარჩევნო უბანზე და გააკეთეთ თქვენთვის სასურველი არჩევანი".