გუშინ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა. “თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში და საკრებულოს დეპუტატი თემურ სალუქვაძე გუშინდელ სხდომას განცხადებით ეხმაურება.
“ხალხის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება საზრიანი ხელისუფლების ნიჭი და თვისებაა, ამასთან, თითოეული მოქალაქის სურვილი, ჰყავდეს ასეთი ხელისუფლება! ეს ერთადერთი მახასიათებელია, რომელიც სძენს ხელისუფლებას ავტორიტეტს. მართვის სხვა ფორმები, დემოკრატიული ინსტიტუციებისათვის, მათ შორის, თვითმმართველობისათვის, შეუთავსებელია. სხვა შემთხვევაში, ის ყოველდღიურად კარგავს ნდობას და ადგილს პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ზუსტად ის მაჩვენებელი, რომელიც განასხვავებს ტოტალიტარულ და დემოკრატიულ სისტემებს ერთმანეთისაგან. დემოკრატიული ინსტიტუციებისთვის მოსმენა, აზრთა გაზიარება, პოლემიკა, ეს თანმდევი ატრიბუტებია, რომელიც ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, გამოხატოს თავისი პოზიცია, ამა თუ იმ საკითხზე და ხელისუფლებასთან ერთად იზრუნოს უკეთესი ქვეყნის, ქალაქის, თუ სოფლის მშენებლობისათვის. ხელისუფლებამ კი, უნდა გამოიჩინოს ნება, გონება, რომ გაითვალისწინოს ნებისმიერი რაციონალური წინადადება, თუ შეთავაზება, რათა ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ, ერთად ვიცხოვროთ განვითარებულ, მატერიალურად ძლიერ და ესთეტიკურად ლამაზ ქალაქში (ქვეყანაში)!“ _ ამბობს თემურ სალუქვაძე.
მისივე თქმით, მოვლენები, რომელიც არაერთხელ უკვე განვითარდა და ორიოდე დღის წინ კვლავ ვიხილეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სრულიად აცდენილია პოლიტიკურ კულტურასა და საქმიან ურთიერთობებს.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ მავანთ, ქალაქის ინტერესები, საკუთარი ინტერესების სფერო ჰგონიათ, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ქალაქის საკეთილდღეოდ, მეტი განსჯის, ღიაობის და მსჯელობის საგნად აქცევდნენ. ჩვენი საზოგადოება უკეთეს ხელისუფლებას და უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს!“ _ თქვა თემურ სალუქვაძემ. (R)