საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, გარდაბანში, რუსთავში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში – ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე, სხვადასხვა პირებს განთავსებული ჰქონდათ სათამაშო აპარატები, რომელთა მეშვეობით მართავდნენ აზარტულ თამაშებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
"სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. ,,სლოტ აპარატებს“ და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და 20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით, მოთამაშეს აძლევს მიზერულ მოგებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია 100-მდე სათამაშო აპარატი.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე", _ აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.