გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების" გახორციელების განახლებული საგზაო რუკა მომზადდა, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო "ჰუალინგში" დღეს გაიმართა.
საგზაო რუკა წარმოადგენს ევროკავშირთან გარემოს დაცვის კუთხით ჰარმონიზაციის პროცესის მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს თანმიდმევრულად განსაზღვრული ქმედებებითა და კონრეტული ვალდებულებების შესასრულებლად გაწერილი ვადებით.
"გამომდინარე იქედან, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების თავში ასახული დირექტივების ნაწილი დაკავშირებულია სხვა მომიჯნავე დარგებთან, შეხვედრა მიზნად ისახავს საგზაო რუკაში შეტანილი ცვლილებების გაცნობას სხვა უწყებებისთვის, რადგან ზემოაღნიშნული დირექტივების შესრულება მიზანშეწონილია შესაბამის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით", _ აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ მიმართეს. განახლებული საგზაო რუკა სტუმრებს საერთაშორისო ექსპერტმა სამართლის საკითხებში რალფ იულიხმა წარუდგენა.