თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2016 წლის 26-30 სექტემბერს, VIII საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.
მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობს 49 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 22 ქვეყნიდან, ამათგან 15 მეცნიერი _ საქართველოდან. საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დიდ დარბაზში, რუსთაველის თეატრისა და კონსერვატორიის მცირე დარბაზებში გაიმართება მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი CONCORDU LUSSURZESU.
სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი – წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და მრავალაჟამიერი: მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი _ სუფრული სიმღერები კახეთში.
მერვე სიმპოზიუმის მონაწილეებს საჩუქრად მეშვიდე სიმპოზიუმის მოხსენებების კრებულლი გადაეცემათ.